სიახლეები

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

კრისტალმა responsAbility Investments AG-ის მხარდაჭერით 5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

13 მაისი 2021

შვეიცარულმა ფონდმა კრისტალს 5 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით ფინანსური რესურსი გამოუყო, რომელიც საქართველოს მასშტაბით მიკრო მეწარმეებისა და ფერმერებისთვის  ინოვაციური ფინანსური სერვისების შეთავაზებას მოხმარდება, რაც ხელს შეუწყობს კომპანიის მომხმარებლების მიერ პოსტპანდემიური გამოწვევების დაძლევას.  

კრისტალსა და responsAbility Investments AG-ს შორის პარტნიორობას ჯერ კიდევ 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი.  მას შემდეგ კი არაერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტი განხორციელდა, რაც ბაზარზე შექმნილი არასტაბილური პირობების ფონზე ახალი სასესხო ინსტრუმენტი მხარეებს შორის არსებული გრძელვადიანი, მჭიდრო და  ნაყოფიერი პარტნიორობის ცალსახა დასტურია. ინსტრუმენტის დახმარებით, კრისტალი  ფინანსურ მომსახურებას გაუწევს მიკრო და მცირე მეწარმეებს კრიზისის პერიოდში, რაც თავის მხრივ მოიცავს საკრედიტო პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებასა და ბიზნეს კონსულტაციების გაწევას.

გლობალური პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოსთვის უპრეცედენტოდ რთული 2020 წლის შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები კვლავ მზად არიან განაგრძონ და კიდევ უფრო გაარღმავონ თანამშრომლობა 2021 წელს.  კრისტალი საინვესტიციო გარიგებების მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას აგრძელებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისო პარტნიორების მაღალ ნდობას საქართველოს მიკროსაფინანსო სექტორის მიმართ.

ResponsAbility AG-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ბენუა ბუე აღნიშნავს „მოხარულნი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ უფრო გავაღრმავოთ კრისტალთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და  ხელი შევუწყოთ ფინანსური ინკლუზიის გაძლიერებას, განსაკუთრებით, ქვეყნისთვის ამ რთულ პერიოდში..“

 „მოხარულნი ვართ, რომ responsAbility Investments AG-სა და კრისტალს შორის პარტნიორობა ჩვენი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადავიდა.  მადლობას ვუხდით responsAbility Investments AG-ს საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარების ფონზე კრისტალისადმი გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის. ახალი ინვესტიცია დაგვეხმარება ხელი შევუწყოთ ჩვენი მომხმარებლების ეკონომიკურ სტაბილურობას, რეაბილიტაციასა და შემდგომ ზრდას“ - აღნიშნავს კრისტალის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ილია რევია.

 

responsAbility Investments AG-ის შესახებ:

responsAbility  აქტივების მმართველი ფონდია, რომელსაც ბაზარზე ოპერირების 18 წლიანი გამოცდილება აქვს.  ფონდის საკუთრებაშია 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის აქტივები, რომლებიც ინვესტირებულია 300-ზე მეტ კომპანიაში, განვითარებადი ეკონომიკის მქონე 76-მდე ქვეყანაში. 2003 წელს კომპანიის დაარსების დღიდან, ფონდს განხორციელებული აქვს 10 მილიარდამდე აშშ დოლარის ინვესტიცია სოფლისმეურნეობის, ფინანსურ მომსახურეობაზე ხელმისაწვდომობის და მდგრადი და განახლებადი ენერგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიებში, რომელთა ბიზნეს მოდელი სრულად პასუხობს გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG).

responsAbility-ის სათავო ოფისი ციურიხში (შვეიცარია) მდებარეობს, ადგილობრივი ოფისები კი წარმოდგენილია ბანგკოკში, ლიმაში, მუმბაიში, ნაირობში, ოსლოში, პარიზსა და თბილისში. responsAbility რეგისტრირებულია შვეიცარიის ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის ორგანოში (FINMA). მის მფლობელებს შორისაა მაღალი რეპუტაციის მქონე შვეიცარული და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, კერძო ინვესტორები და თავად ფონდის თანამშრომლები.  

 

კრისტალის შესახებ:

კრისტალი ქვეყანაში წამყვანი არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც  ოპერირებს საქართველოს მასშტაბით 50 ფილიალით საქართველოს 8 რეგიონში, ასაქმებს 1000-ზე  მეტ თანამშრომელს, მართავს  350 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, ემსახურება 115,000-ზე მეტ მომხმარებელს და დაარსების დღიდან დღემდე მოემსახურა 1 მლნ.-ზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა. „კრისტალის“ აქციონერებს შორის არიან წამყვანი დასავლური ფონდები: Agrif Cooperatief U.A. და DWM Funds S.C.A.-SICAF-SIF.

მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული და განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებით, „კრისტალი“ ხელს უწყობს  ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას. 2019 წელიდან კრისტალმა, როგორც ფინანსური ჩართულობის ორგანიზაციამ დაიწყო განვითარების ახალი ეტაპი და გააკეთა განაცხადი,  რომ ის მხოლოდ მიკროსაფინანსო და სესხებზე ორიენტირებული ორგანიზაცია არ არის. ის არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს მეწარმეებისა და მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.  

კომპანიის წარმატების საფუძველი  პასუხისმგებლიანი დაფინანსებაა, რაც არაერთხელ აღინიშნა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ჯილდოებით. კრისტალი არის Fitch– ის რეიტინგის მფლობელი პირველი არასაბანკო ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში. 2018 წლის „კრისტალი“ საქართველოში წლის პასუხისმგებლიან ბიზნესად დასახელდა.