სიახლეები

ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსის გამარჯვებულებს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის სასწავლო ვაუჩერი გადაეცა

ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსის გამარჯვებულებს ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის სასწავლო ვაუჩერი გადაეცა

12 აგვისტო 2021

ახალგაზრდების საერთაშორისო დღე ფინანსური განათლების შესახებ იდეების კონკურსით აღნიშნა.

კონკურსი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით ჩატარდა,  ახალგაზრდების ფინანსური განათლების საკითხებით დაინტერესებას და ფინანსურ განათლებაში მათი ჩართულობის  ზრდას ისახავდა მიზნად.

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი სხვა კომპანიებთან ერთად ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო, რომელმაც კონკურსის გამარჯვებულებს   ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლის - YES Georgia-ს სასწავლო ვაუჩერი და ბრენდირებული, სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

კრისტალიდან კონკურსის ჟიურის წევრი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  მაია ქობალია იყო, რომელიც კომპანიის სახელით ჩართული იყო აღნიშნულ პროექტში, სხვა პარტნიორი ფინანსური ორგანიზაციების CSR მენეჯერებთან ერთად.

კონკურსის გამარჯვებულები ახალი ნაკადის გამოცხადებისთანავე (2021 წლის სექტემბერი) დარეგისტრირდებიან და გაივლიან  USAID-ის პროგრამის „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (USAID YES-Georgia)  ტრენინგ კურსს - „მეწარმეობა ახალგაზრდებისთვის“. პროგრამა ხორციელდება „კრისტალის“ მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით.

ინფორმაციისთვის:

ახალგაზრდების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსი 2021 წლის 17 ივლისს დაიწყო და 12 აგვისტოს, ახალგაზრდების საერთაშორისო დღეს დასრულდა.

კონკურსში მონაწილეობას 15-დან 26 წლამდე ახალგაზრდები იღებდნენ, რომლებსაც შეეძლოთ პროექტების როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფების სახით წარმოდგენა. კონკურსის ფარგლებში სულ 32 ნამუშევარი შემოვიდა. ჟიურიმ დამოუკიდებელი შეფასებებისა და რამდენიმესაათიანი ერთობლივი მსჯელობის შემდეგ 6 ფინალისტი გამოავლინა, რომლებმაც საკუთარი იდეები თავად წარადგინეს ჟიურის.

კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ

ნინი ბოჭორიშვილი - პროექტით "ფინბანკი"

შმაგი ბურდული და ბექა ბურდული - პროექტით "ახალგაზრდა ფინანსისტები"

ლიკა ზედაშიძე - პროექტით "ყულაბა"

12 აგვისტოს მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღეს საფუძველი გაეროს ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის რეზოლუციით ჩაეყარა და 2000 წლის 12 აგვისტოს ცივილიზებულმა სამყარომ პირველად აღნიშნა ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე.

კრისტალი, როგორც ახალგაზრდების მხარდამჭერი ორგანიზაცია,  ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობით აღნიშვნას ამ დღეს.